English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძე
ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ზოგიერთი ტენდენციის შესახებ

ანოტაცია

ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციები განსხვავებულია განვითარებული, განვითარებადი და პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის. მაგრამ, ვინაიდან ტონის მიმცემი განვითარებული ქვეყნებია, ამიტომ ნაშრომში განვითარებული ქვეყნებისე კონომიკაში არსებული ტენდენციებია განხილული. დანარჩენი ქვეყნებისათვის ორიენტირი განვითარებული ქვეყნებია.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ბლოკჩეინი, მაღალი ტექნოლოგიები.

შესავალი

თანამედროვე მსოფლიოში უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენება ცვლის ადამიანის როგორც კეთილდღეობის დონეს, ისე მის სოციალურ მდგომარეობას საზოგადოებაში; განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარეობს თვისებრივად ახალი პოსტინდუსტრიული საზოგადოების სრულ¬ყოფა; განვითარებად ქვეყნებში ადგილი აქვს მრავალწახნაგოვან ტრანსფორმაციულ პროცესებს. მათმა ნაწილმა შეძლო განვითარებული ქვეყნების რიგებში გადასვლა, ნაწილი ახლოს დგას ამ ნიშნულთან ან აშენებს ინდუსტრიულ საზოგადოებას, ნაწილი კი ისევ უკიდურე¬სად ჩამორჩენილი რჩება; მაღალგანვითარებული ქვეყნების გვერდით არსებობენ ისეთი სახელმწიფოები, რომელთა მოსახლეობა სიღარიბის ზღვარზეა ან მის მიღმაა, ქვეყნები, რომელებისთვის მუდმივი თანამგზავრია შიმშილი, სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალი მაჩვენებელი, სასმელი წყლისა და სანიტარიული კეთილმოწყობის უქონლობა, ახალშობილთა სიკვდილიანობის მაღალი დონე და ა.შ.; პოსტკომუნისტყრი ქვეყნების ერთმა ნაწილმა განვითარების შედარებით მაღალ დონეს მიაღწია, ნაწილისათვის კი, მეტნაკლებად, კვლავ დამახასიათებელია საბაზრო ურთიერთობების განვითარების დაბალი დონე, ეკონომიკის არაეფექტიანი სტრუქტურა, დაბალი კონკურენტუნარიანობა, უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალი დონე და ა.შ.; მსოფლიო მოსახლეობის რიცხოვნობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპებმა ისეთ ნიშნულს მიაღწიეს, რომ მათმა შემდგომმა მატებამ შესაძლებელია კაცობრიობა ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებისა და რესურსული უკმარისობის პრობლემის წინაშე დააყენოს; მსოფლიო ეკონომიკა განვითარების სულ ახალ და ახალ საფეხურზე გადის - გლობალიზაციის პროცესი იჭრება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, რომელსაც პოზიტიურთან ერთად თან ახლავს ნეგატიური მოვლენებიც.

ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციები განვითარებულ ქვეყნებში

განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციებიდან შეიძლება გამოიყოს:

1. საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს თვისებრივი ძვრები ეკონომიკაში. ეკონომიკური განვითარების ანუ ეკონომიკის ახალ, უფრო მაღალ თვისებრიობაში გადასვლა, ცვლის ეკონომიკური ზრდის ანუ ეკონომიკის რაოდენობრივი მატების არსს. იცვლება რა წარმოებული პროდუქციის სტრუქტურა, ღირებულებითი ფორმით ეკონომიკური ზრდის გამოთვლა ზუსტი ვერ იქნება, ვინაიდან ერთი და იგივე ღირებულების პროდუქციას მიმდინარე წელს მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ვიდრე წინა წლებში. ეს კანონზომიერება ისტორიული ხასიათისაა, მაგრამ ყველაზე მეტედ იგი ვლინდება თანამედროვე ეტაპზე არსებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, მოძველებული პროდუქციის მოხმარებიდან ამოღებისა და პროდუქციის ახალი სახეობების მოხმარებაში შემოსვლის სულ უფრო სწრაფი ტემპების გამო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის დაბალი ან, თუნდაც, ნულოვანი ტემპების არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია საზოგადოების კომფორტის, მისი სარგებლიანობის ზრდა.

2. ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორია, მაგრამ იგი, ეკოლოგიურ მოთხოვნებთან ერთად, ეკონომიკური ზრდის შენელებისკენაცაა მიმართული [აბესაძე რ. 2014], რასაც განაპირობებს:

1.1. კონკურენ¬ცია აიძულებს მეწარმეებს, აამაღლონ მწარმოებლურობა და გააიაფონ პროდუქცია (აქეთაა მიმართული სახელმწიფოს ინოვაციური პოლიტიკაც), რაც ამცირებს პროდუქციის ზრდის ტემპებს ღირებულებითი ფორმით;

1.2. წარმოების პროცესში იცვლება ასევე პროდუქციის ფიზიკური მახასიათებლებიც. წარმოებული პროდუქციის მასა ხდება უფრო “მსუბუქი” (მაგალითად, ლითონის დეტალების შეცვლა პლასტმასის დეტალებით, და ა.შ.), რაც ასევე ამცირებს პროდუქციის ზრდის ტემპებს ღირებულებითი ფორმით;

1.3. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს ამა თუ იმ სახეობის პროდუქციის რაოდენობრივ კლებასაც (მაგალითად, ქსეროქსის, სკანერისა და პრინტერის ერთ კომბაინში გაერთიანება, და მრავალი სხვ.), რაც, ბუნებრივია, აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებაზე შემცირების მიმართულებით;

1.4. არსებული რესურსების შეზღუდულობა მოითხოვს არა განახლებადი ბუნებრივი წყაროები გამოვიყენოთ რაციონალურად, რათა შევძოლთ რაც შეიძლება დიდი ხნით შევინარჩუნოთ ისინი (მასალა- და კაპიტალტევადობის, ენერგოტევადობის შემცირება და ა. შ.) მაგალითად, კომპიუტერის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს მოხმარებული რესურსების რაოდენობას ადამიანთა საქმიანობის მრავალ სფეროში (საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, ბიბლიოთეკები, არქივი და ა. შ.)) რაც, ასევე აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებაზე შემცირების მიმართულებით;

1.5. მდგრადი ეკონომიკური განვითარება ანუ საზოგადოების ბუნებასთან ურთიერთკავშირი მოითხოვს ეკონომიკის ზრდა შეესაბამებოდეს ბუნებაში მიმდინარე კვლავწარმოების პროცესებს, რაც დღემდე მნიშვნელოვნად ირღვევა და რასაც არა ერთი გლობალური ხასსიათის ნეგატიური პრობლემა წარმოშვა. მაშასადამე, განახლებადი რესურსები უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ბუნებაში მიმდინარე კვლავწარმოების კანონზომიერებები არ დაირღვეს. ცხადია, ეს მოთხოვნაც მიმართულია ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებისაკენ;

1.6. ეკონომიკური განვითარება აძლიერებს რა ქალთა ემანსიპაციას ამცირებს შობადობას და, მაშასადამე, მოსახლეობის ზრდის ტემპებს, რაც ასევე მიმართულია ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებისაკენ;

1.7. სახსრების დიდი ნაწილი მიედინება ბუნების დაცვის ღონისძიებებზე, რაც ასევე ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპების.

3. თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება ეკონომიკაში, ცვლის რა მისი განვითარების ტენდენციებს როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით. იგი მნიშვნელოვნად განსაზ¬ღვრავს ეროვნული ეკონომიკის ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში, ზრდის რა ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და კეთილდღეობის დონეს.

მათ საფუძველზე წარმოების ორგანიზაციის სრულყოფის, საქონლისა და მომსახურების ახალ სახეობათა შექმნის შედეგად, მცირდება ტრანსაქციური და ტრანსფორმაციული დანახარჯები, იზრდება რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობები. იცვლება წარმოების ორგანიზაციის ფორმები და მეთოდები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანის ადგილი და როლი როგორც წარმოებაში, ისე ყოფა-ცხოვრებაში. იცვლება თვით საზოგადოების ორგანიზაციის არსი, ფორმები და მეთოდები.

თანამედროვე ეტაპზე მაღალი ტექნოლოგიების დარგებიდან გამოირჩევა ელექტრონიკა (მისი ქვედარგი - მიკროელექტრონიკა), ბიოტექნოლოგია (რომელიც თავისთავად ეფუძნება გენეტიკას, მიკრობიოლოგიას, მოლეკულურ და უჯრედულ ბიოლოგიას, ბიოქიმიას, ემბრიოლოგიას და ა. შ.), კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა, ნანოტექნოლოგიები, რობოტოტექნიკა, ტელეკომუნიკაციები, საავიაციო-კოსმოსური ტექნოლოგიები, ფოტონიკა, ატომური ფიზიკა. მაღალ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება ასევე ხელოვნური ინტელექტი.

4. ცალკე უნდა გამოიყოს ინფორმაციული ტელეკომუნიკაციური და ქსელური ტექნოლოგიები, რომლებიც განაპირობებენ ეკონომიკაში ახალი სტრუქტურებისის ჩამოყალიბებას რომელებიც მოიცავენ ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს. განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოჰიები, მობილური ტელეფონები და ინტერნეტი. მათი გამოყენება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს საუბარია ციფრულ-ტექნოლოგიურ რევოლუციაზე, რომელიც შეუდარებლად სწრაფად ვითარდება, ვიდრე ადრე არსებული ტექნოლოგიური რევოლიციები.

5. დღეისთვის განვითარებულ ქვეყნებში, დაიწყო “მოაზროვნე ტექნოსფეროს ეპოქა” [Abesadze R., 2014]. ტექნოსფერო, შექმნილია ადამიანების მიერ და აქ მთავარ როლს ასრულებს ინფორმაციულ-ტელეკომუნიკაციური და მოაზრონე ტექნოლოგიები, მოაზროვნე ტექნოსფერო ისარგებლებს გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე ცალკეული ინტელექტუალური თუ მოაზროვნე მანქანა, ვინაიდან იგი იქნება ასეთი მანქანების მოწესრიგებული ერთიანობა საერთო ხელოვნური გონის გარშემო [სიჭინავა დ... 2011]. ასეთ პირობებში მნიშვნელოვნად შეიცვლება ადამიანთა მდგომარეობა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ უკვე საქმე ექნებათ მოაზროვნე ხელოვნურ ინტელექტუალურ მანქანებთან, რომელთაც შეეძლებათ საუბარი გარკვეულ თემებზე და გადაწყვეტილებების მიღება სიტუაციიდან გამომდინარე. ძირეულად შეიცვლება წარმოების ორგანიზაციისა და სახელმწიფო მართვის ფორმები და ა. შ. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბდება სრულიად ახალი საზოგადოება სრულიად ახალი ეკონომიკური სისტემით. ამ საზოგადოების ზოგიერთი ნიშანი შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

5.1. ადამიანთა მასობრივი გათავისუფლება როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომისაგან;

5.2. ადამიანთა მასობრივი გადასვლა შემოქმედებით სფეროში (მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა, თეატრი, კინო, სპორტი და ა.შ.);

5.3. ადამიანთა უშუალო კავშირი ინტელექტუალურ, მოაზროვნე მანქანებთან, რომელნიც ფლობენ ადამიანისათვის დამახასიათებელ თვისებებს (მოძრაობას, საუბარს, მწუხარებისა და სიხარულის განცდასაც კი და სხვ.) და რომლებთანაც ურთიერთობა მოითხოვს შესაბამის ახალ ცოდნას და ჩვევებს;

5.4. ახელმწიფოსა და ეკონომიკის მართვაში მოაზროვნე მანქანების გამოყენება შეამცირებს ნეგატიური პროცესების წარმოშობას;

5.5. გაიზრდება პროგრამების როლი, რაც გაზრდის დაგეგმვის მნიშვნელობას ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში;

5.6. გაიზრდება ადამიანის თავისუფალი დრო და სულიერი დაკმაყოფილების დონე და ა.შ.

6. ნამედროვე ეტაპზე სწრაფად ვითარდება რევოლუციური ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები, რომელიც თავიდან შექმნილი იქნა ციფრული ვალუტის – ბიტკოინისათვის, მაგრამ ამჟამად განიხილება მისი გამოყენების ახალი ვარიანტები.

7. გლობალიზაციის, ინტერნაციონალიზაციის და ტრანსნაციონალიზაციის გაძლიერება. ტრანსეროვნული კორპორაციები წარმოადგენენ მთავარ ძალას მსოფლიო ეკონომიკაში ინტერნაციონალიზაციის პროცესების დასაჩქარებლად. სწორედ მათი საქმიანობა გარდაქმნის მსოფლიო მეურნეობას საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, სამუშაო ძალის და ცოდნის ერთიან ბაზრად; საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში დომინირებს არა საერთაშორისო ვაჭრობა, არამედ წარმოების და გასაღების ორგანიზება უშუალოდ საზღვარგარეთ; ხორციელდება მსოფლიო საფინანსო ბაზრების ფორმირება და მათი არნახული დივერსიფიკაცია. ძლიერდება უნიფიკაციის ტენდენცია ტექნოლოგიის, ეკოლოგიის, საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში; ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების, ელექტრონული სისტემების დანერგვის მეშვეობით ხორციელდება მსოფლიო საკომუნიკაციო ქსელის დივერსიფიკაცია; ყალიბდება მძლავრი საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები, რომლებიც მთელ მსოფლიოში ნერგავენ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთიან კრიტერიუმებს და თანდათან ახდენენ გლობალიზაციის ინსტიტუციურ გაფორმებას. მათი გადაწყვეტილებები სულ უფრო ხშირად ხდება იურიდიულად აუცილებელი ნომინალურად სუვერენული სახელმწიფოებისათვის; გლობალიზაცია შეიჭრა შიგა¬სახელმწიფოებრივ სფეროშიც და თანდათან ხდება შიგა ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის სიძლიერე ბევრად აჭარბებს ეროვნული სახელმწიფოს შესაძლებლობებს; ძლიერდება საერთშორისო კონკურენცია ისეთ სუბიექტებს შორის, რომელთაც არ აქვთ განსაზღვრული სახელმწიფოებრივი წარმოშობა და რომლებიც კონკურენციას უწევენ ეროვნულ კომპანიებს, დევნიან რა მათ საკუთარი ბაზრებიდან; სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფოებმება გლობალიზაციის პროცესებში, ყალიბდება გლობალური ცივილიზაციის შესაბამისი საერთო ჩვევები, გემოვნებები, ფასეულობები, შეხედულებები, აზროვნება და ა.შ.

8. მდგრადი განვითარება თანამედროვე ეკონომიკის მთავარი მოთხოვნა. ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს საზოგადოებასა და ბუნებას შორის ნივთიერებათა და ენერგიის რაციონალური გაცვლა, რომ ეკონომიკის განვითარება დაემყაროს ბუნების თვითაღდგენისა და აღწარმოების მკაცრ კანონზომიერებებს, ანუ მოხდეს საზოგადოებისა და ბუნების განვითარების კოევოლუცია, რომლის დროსაც ხდება ჩვენი პლანეტის ბიოსფეროს გადასვლა ახალ თვისებრიობაში – ნეოსფეროში, მოაზროვნე გარსში, სადაც ადამიანები ამცირებენ ბიოსფეროსადმი არა მხოლოდ მის, არამედ ბუნების დამანგრეველი ძალების მიერ მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შედეგებს.

დასკვნა

1. თანამედროვე ეტაპზე საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს თვისებრივი ძვრები ეკონომიკაში. ღირებულებითი ფორმით ეკონომიკური ზრდის გამოთვლა ზუსტი ვერ იქნება, ვინაიდან ერთი და იგივე ღირებულების პროდუქციას მიმდინარე წელს მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია ვიდრე წინა წლებში. ამიტომ, ეკონომიკური ზრდის დაბალი ან, თუნდაც, ნულოვანი ტემპების არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია საზოგადოების კომფორტის, მისი სარგებლიანობის ზრდა.

2. ეკონომიკური განვითარება ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორია, მაგრამ იგი, ეკოლოგიურ მოთხოვნებთან ერთად, ეკონომიკური ზრდის შენელებისკენაცაა მიმართული.

3. თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება ეკონომიკაში, ცვლის რა მისი განვითარების ტენდენციებს როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით. იგი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეროვნული ეკონომიკის ადგილს მსოფლიო ეკონომიკაში, ზრდის რა ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და კეთილდღეობის დონეს.

4. განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება კომპიუტერული ტექნოლოჰიები, მობილური ტელეფონები და ინტერნეტი. მათი გამოყენება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს საუბარია ციფრულ-ტექნოლოგიურ რევოლუციაზე, რომელიც შეუდარებლად სწრაფად ვითარდება, ვიდრე ადრე არსებული ტექნოლოგიური რევოლიციები.

5. დღეისთვის განვითარებულ ქვეყნებში, დაიწყო “მოაზროვნე ტექნოსფეროს ეპოქა”. მოაზროვნე ტექნოსფერო ისარგებლებს გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე ცალკეული ინტელექტუალური თუ მოაზროვნე მანქანა, ვინაიდან იგი იქნება ასეთი მანქანების მოწესრიგებული ერთიანობა საერთო ხელოვნური გონის გარშემო.

6. თანამედროვე ეტაპზე სწრაფად ვითარდება რევოლუციური ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, რომელიც თავიდან შექმნილი იქნა ციფრული ვალუტის – ბიტკოინისათვის, მაგრამ ამჟამად განიხილება მისი გამოყენების ახალი ვარიანტები.

7. გლობალიზაციის, ინტერნაციონალიზაციის და ტრანსნაციონალიზაციის გაძლიერება. ტრანსეროვნული კორპორაციები წარმოადგენენ მთავარ ძალას მსოფლიო ეკონომიკაში ინტერნაციონალიზაციის პროცესების დასაჩქარებლად. სწორედ მათი საქმიანობა გარდაქმნის მსოფლიო მეურნეობას საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, სამუშაო ძალის და ცოდნის ერთიან ბაზრად.

8. მდგრადი განვითარება თანამედროვე ეკონომიკის მთავარი მოთხოვნა. ამისათვის აუცილებელია განხორციელდეს საზოგადოებასა და ბუნებას შორის ნივთიერებათა და ენერგიის რაციონალური გაცვლა, რომ ეკონომიკის განვითარება დაემყაროს ბუნების თვითაღდგენისა და აღწარმოების მკაცრ კანონზომიერებებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ. 2014. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბილისი, “თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა”.

2. სიჭინავა დ., ნაკაშიძე გ. 2011. ინტერნეტის, ხე¬ლოვნური გო¬¬ნისა და ადამიანთა საზო¬გა¬დოების ახალ ეპოქაში გა¬დასვლის შესახებ. ჟ.: “ეკონომიკა და ბიზნესი”, 2011, № 1.

3. Abesadze R. 2014. High technologies – the most important factor of economic development. wignSi: MOANDRY WSPOŁPRACY SIECIOWEЈ W EUROPIE ŚRODKOWEЈ I WSCHODNIEЈ, “Copyright by Wydawnictwo KUL”, Lublin.

4. Bell D. 1976. The social framework of the information society. In M. Dertouzas & J. Moses (Eds), Cambridge: MIT Press.

5. Toffler Alvin. The Third Wave (1980). Bantam Books ISBN 0-553-24698-46.